|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდ-აჭარა იყო, შემდეგ - ხიხანი, მოგვიანებით - ხულა) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.
სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”.
ლეონტი მროველის ცნობით, ძვ. წ. III საუკუნეში აჭარის ტერიტორია ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა. VIII საუკუნეში იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს, “ქართველთა სამეფოს” ნაწილია, ხოლო XI საუკუნიდან - საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოსი. XIII საუკუნეში აჭარას სამცხე-საათაბაგო ფლობდა. XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალეთმა დაიპყრო და მისი გათავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ მიწებთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში შევიდა თუმცა, 1921 წელს მისი გარკვეული ნაწილი, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე (ზედა მაჭახელი, ზედა მარადიდი), ისევ ოსმალეთის იურისდიქციაში მოექცა. 1921 წლიდან აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს.
" საუკეთესო ზნეობითი თვისებანი აჭარლების არის: მოხუცებულის პატივისცემა, სტუმრის მიგებება, ღირსეულად თავის დაჭერა, ზრდილობა, თავაზიანობა, ცნობისმოყვარეობა და დაუღალავი გამრჯეობა "
ვახუშტი ბაგრატიონი







|
ბათუმი - კლიმატოთერაპია, ჰელიოთერაპია და თალასოთერაპია ბათუმის, როგორც კურორტის ძირითადი მახასიათებლებია. აქ ზღვის წყალი მაღალი მინერალიზაციით გამოირჩევა. ბათუმში ყოველთვის თბილა. ზამთრის ყველაზე ცივი თვის - იანვრის ტემპერატურა +7,1O0ც - ია. მზის, ზღვის, მაგნოლიების, აკაციების სურნელით გაჟღენთილი ეს ქალაქი, წლის ყველა დროს მიმზიდველი და მომხიბლველია. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი მზითა და უამრავი სტუმრითაა სავსე, დანარჩენ დროს კი თავის მსუბუქ და მხიარულ ხასიათს შხაპუნა წვიმებით ავლენს. ბათუმი გელოდებათ, ბათუმი გეპატიჟებათ, ბათუმს უყვარხართ. ის მთელი წლის დაუშრეტელი ენერგიის მარაგით აავსებს ყველას, ვინც ცოტა ხნით მაინც ეწვევა და სამუდამოდ შეიყვარებს მას.
ქობულეთი - აჭარის ზღვის კლიმატური კურორტებისგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა კურორტი ქობულეთი, რომელიც მდებარეობს აჭარა-ახალციხის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქ. ბათუმიდან 25 კმ.-ის დაშორებით. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-4 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა შეთავსებული თალასოთერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები. კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. დამსვენებლებს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი მრავალკილომეტრიანი პლიაჟი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. პლიაჟები კეთილმოწყობილია: გარდა საშხაპეებისა, ქოლგებისა, შეზლონგებისა და უშუალოდ პლიაჟზე ჩადგმული კაფე-ბარებისა, აქ ფუნქციონირებს მრავალი წყლის ატრაქციონი. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი, რომელშიც თქვენ გაერთობით სპორტულ მოედნებზე, საზაფხულო კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და დისკო-კლუბებში.
ციხისძირი - კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით, მისგან 17 კმ.-ის დაშორებით. ის გაშენებულია ზღვის დონიდან 60-90 მ.-ის სიმაღლეზე, ციხისძირის მაღლობზე, რომლის კალთებიც ციცაბოდ ეშვებიან ზღვაში და ქმნიან ციხისძირის კონცხს. ზღვაში შეჭრილი კონცხი პლიაჟს ორ ნაწილად ჰყოფს. ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს. აქ ზაფხულობით უფრო გრილა, ზამთარში კი უფრო თბილა, ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში. ციხისძირის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ის დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქია. ხელსაყრელი სამხედრო და ეკონომიკური მდებარეობის გამო, აქ, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ქალაქი გააშენა, რომელსაც პეტრა ეწოდებოდა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ვიწრო ზღვისპირა გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიასთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. ციხისძირის მწვანით შემოსილ ფერდობებზე, მის ულამაზეს ბაღებსა და პარკებში, განლაგებულია სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები, რესტორნები, კაფე-ბარები და ბუნგალოები. პლიაჟები კეთილმოწყობილია, ფუნქციონირებენ ზღვაზე სასეირნო სატრანსპორტო საშუალებებიც, რომლებიც განუმეორებელ განცდას მოგანიჭებენ და წარუშლელი შთაბეჭდილებებით გაამდიდრებენ თქვენს ცხოვრებას.
ჩაქვი - ბათუმიდან 13 კმ. დაშორებით მდებარეობს საკურორტო ადგილი ჩაქვი, რომელიც, ისტორიულად, ქართული ჩაის სამშობლოა. სწორედ აქ შემოიტანა და გააშენა პირველად ჩაი ჩინელმა მეცნიერმა ლაო ჯონ ჯიაომ. ჩაქვის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი. მის გაგრძელებაზე, მწვანე კონცხის გადასასვლელზე, 2005 წლიდან ფუნქციონირებს თანამედროვე საავტომობილო გვირაბი, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა ბათუმამდე გადაადგილების დრო და მანძილი. აჭარაში ჩამოსულ დამსვენებლებსა და ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ჩაქვის სანაპირო ზოლის ხასხასა მწვანეში ჩაფლული სასტუმროები, აგარაკები და სააგარაკე სახლები, რომლებშიც საუკეთესო პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ დაუვიწყარი დრო გაატაროთ შავი ზღვის სანპიროზე.
მწვანე კონცხი - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღიდან 70-92 მ.-ის სიმაღლეზე. ისტორიულად ამ ადგილს "სასირე ყელი" ეწოდება. სახელწოდება "მწვანე კონცხი", მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას რუსულენოვანმა დამსვენებლებმა. ამ ადგილის კეთილმოწყობით XIX ს.-ის ბოლო წლებიდან დაინტერესდნენ. ჯერ კიდევ 1903 წელს ბათუმის ექიმთა საზოგადოების ინიციატივით მწვანე კონცხზე მოეწყო რკინიგზელთა კლიმატური სადგური, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. მწვანე კონცხზე განლაგებულია კეთილმოწყობილი სანატორიუმები, სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც.
მახინჯაური - ზღვისპირა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი მახინჯაური მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით, 5 კმ.-ის დაშორებით. მისი სიმაღლე სანაპიროს მახლობლად ზღ. დ.-დან 15-25 მეტრზე იწყება, შემდგომ ზევით მიიწევს და 1000-1300 მეტრს აღწევს. მახინჯაურის კლიმატი ტენიან-სუბტროპიკულია. ბათუმთან შედარებით, აქ ზამთარი უფრო თბილია, ზაფხული კი გრილი. ზაფხულობით გამორჩეული სიგრილე განპირობებულია მთაგორიანი მდებარეობითა და ცვალებადი ბრიზებით. მახინჯაურში 1904 წლიდან ფუნქციონირებს გოგირდოვანი აბაზანები, რომლებსაც იყენებენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. მახინჯაურის საკურორტო ზოლის მთელს სიგრძეზე, სანაპიროს გასწვრივ, გაშენებულია მწვანე ნარგავებში ჩაფლული სასტუმროები და აგარაკები. ცენტრალური ავტომაგისტრალიდან მოჩანს დასასვენებელი სახლი "ნარინჯი", რომელშიც ადრე ციმბირული ოქროს რეწვის მაგნატის - სიბირიაკოვის აგარაკი იყო. გონიო, კვარიათი, სარფი საკურორტო ადგილები გონიო, კვარიათი და სარფი ბათუმის სამხრეთით, მისგან 13-18 კმ.-ის დაშორებითაა განლაგებული. სარფი კი უშუალოდ საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. ზღვის ამ შესანიშნავ კურორტებზე წყლის საშუალო ტემპერატურა ივლისში +250ც-ზე ადის. აქ შეჯერებულია ზღვისა და მთის ჰავა. თვისებებით მას კურორტ იალტას ამსგავსებენ. საკურორტო ადგილის სანაპირო ზოლში ზღვის წყალი განსაკუთრებულად გამჭვირვალეა. მიმზიდველია აქაური წყალქვეშა სამყაროც. სარფი, გონიო და კვარიათი საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდების დასვენების საყვარელი ადგილებია. აქ, ისევე როგორც აჭარის სანაპირო ზოლის სხვა კურორტებზე, მთელი დღე გაისმის მოცურავეების, პლიაჟზე გასარუჯად წამოწოლილების, სკუტერზე, წყლის ველოსიპედსა თუ ზღვის `ბანანზე~ ამხედრებული დამსვენებლების ხმაური და სიცილი. დაბნელებისთანავე საყოველთაო მხიარულება რესტორნებში, კაფე-ბარებში და ბუნგალოებში გადაინაცვლებს ხოლმე და დილამდე გრძელდება. აჭარის შავიზღვისპირეთის კურორტები რეკომენდირებულია გულსისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემის, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების, სახსრებისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ
ბეშუმი - უძველესი დროიდან აჭარის მოსახლეობა იყენებდა იმ ბუნებრივ შესაძლებლობებს, რომლებიც მრავლადაა ჩვენი კუთხის ტერიტორიაზე. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი იყო, რომ აჭარის კლიმატური პირობები ხელს უწყობდა ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ზაფხულობით მთის კურორტებზე მიემგზავრებოდა. მკვიდრები ოჯახებით ისვენებდნენ სპეციალურ საზაფხულო ხის სახლებში. ასეთი საზაფხულო სადგომები მოწყობილია ჩირუხის მთის, ჯინალის, გოდერძის უღელტეხილის, გომის მთის, სასადილოს მთის, სარიჩაის, კოსლითავის, ბახმაროს მიმდებარე ულამაზეს ტერიტორიებზე. აჭარის სამთო კურორტების გამორჩეულ სიამაყეს წარმოადგენს ალპურ ზონაში განლაგებული კურორტი ბეშუმი. ის მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრის სიმაღლეზე. ბეშუმში მიმავალი მოგზაური ჯერ კიდევ გზაში აივსება არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით, რადგან გზად იგი გაივლის აჭარისწყლის ულამაზეს ხეობას, სადაც დღემდეა დაცული კოლხეთისათვის დამახასიათებელი მცენარეულობა. ულამაზეს პეიზაჟებს ქმნიან აჭარისწყლის შენაკადები, რომლებიც მრავალ ადგილას თვალწარმტაც ჩანჩქერებად ეშვებიან ხოლმე. უშუალოდ ბეშუმი გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. კურორტის შემოგარენი წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტი ბეშუმი ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. აქ დგას შესანიშნავი დასასვენებელი სახლი "ბეშუმი", მრავალი კოტეჯი და სააგარაკო სახლი, რომელშიც ყველა პირობაა შექმნილი თქვენი კომფორტული და სასარგებლო დასვენებისათვის.
|