|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
ტერიტორიის ფართობი - 6200 კვ.კმ (მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა 4807 კვ.კმ)
ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. გორი
მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 75კმ.
კლიმატი – მხარის კლიმატი კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11 C0,შესაძლებელი მაქსიმუმია 42 C0, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი -32 C0. ქარის ენერგეტიკული რესურსი (1000 კვტ/სთ 1 კმ2-ზე) _ 1000-1500. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 500 მმ-ია, მაქსიმუმი – 760 მმ, მინიმუმი 330 მმ.
წყლის ძირითადი არტერიები - მხარის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, დიდი და პატარალიახვი, მეჯუდა, ტანა, ქსანი, ტორტლა, თეძამი, ჭარებულა, ლეხურა, სურამულა, ფრონე, ძამა და სხვა.
ასევე შიდა ქართლში მოედინება ბუნებრივი სამკურნალო წყლები და სუფთა წყაროს წყლები.
მხარის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, 372 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი - 5: გორი, კასპი, ქარელი, ცხინვალი, ხაშური;
დაბა - 2: სურამი, აგარა;
სოფელი - 366
|
ექსკურსია - ქვათახევი & რკონი სანახაობები : 1. იკვის მონასტერი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ტაძარი მდინარე შაბწყალას (თეძმის შენაკდი) ხეობაში, კასპის მუნიციპალიტეტში. თვით სოფელი იკვი აღარ არსებობს, მოსახლეობა გადასახლდა სამგორში. გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. აღმოსავლეთი ნაწილში არის სამკვეთლო და სადიაკვნე. გუმბათის ყელის დასაყრდნობად აფრებია გამოყენებული. ინტერიერში ნათლად იკითხება ჯვრის ფორმა, რადგან სადიაკვნე და სამკვეთლო არ ერწყმის შიგა სივრცეს; ისინი დაბალი, ვიწრო გასასვლელებით უკავშირდება ძირითად მოცულობას. ტაძრის გეგმა ნათლად მჟღავნდება გარე მასებშიც ოთხივე ფასადი შემკულია ორმაგლილვიანი თაღედის სისტემით. ტაძარს აქვს ფართო მოჩუქურთმებული საპირეებითა და ტიმპანებით შემკული ორი შესასვლელი. ინტერიერში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XI საუკუნეს მიეკუთვნება. 2. ქვათახევი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და სენაკები. თავდაპირველად დედათა მონასტერი იყო. ქვათახევის ტაძარი ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან. იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება და მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოს შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობარის კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები: ფილიპე ბარათაშვილი (XVI ს.), იოანე ავალიშვილი (XVI-XVII სს.), იოანე ხელაშვილი (XIX ს. დამდეგი), დოსითეოზ ფიცხელაური, ტარასი ალექსი-მესხიშვილი (ორივე XIX ს.) და სხვა. ჩვენამდე მოღწეულია ქვათახევის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი. 3. რკონი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. თეძმის ხეობის ზედა ნაწილში. რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV საუკუნეების მიჯნა და XVII-XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. რკონის კომპლექსში შედის:ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი.
|