ტერიტორიის ფართობი - 6200 კვ.კმ (მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა 4807 კვ.კმ)

ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. გორი

მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 75კმ.

კლიმატი – მხარის კლიმატი კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11 C0,შესაძლებელი მაქსიმუმია 42 C0, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი -32 C0. ქარის ენერგეტიკული რესურსი (1000 კვტ/სთ 1 კმ2-ზე) _ 1000-1500. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 500 მმ-ია, მაქსიმუმი – 760 მმ, მინიმუმი 330 მმ.

წყლის ძირითადი არტერიები - მხარის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, დიდი და პატარალიახვი, მეჯუდა, ტანა, ქსანი, ტორტლა, თეძამი, ჭარებულა, ლეხურა, სურამულა, ფრონე, ძამა და სხვა.

ასევე შიდა ქართლში მოედინება ბუნებრივი სამკურნალო წყლები და სუფთა წყაროს წყლები.

მხარის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, 372 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ქალაქი - 5: გორი, კასპი, ქარელი, ცხინვალი, ხაშური;

დაბა - 2: სურამი, აგარა;

სოფელი - 366

 

“…ზემოთ, თეძმის მდინარესა ზედა, არს კრკონს მონასტერი გუმბათიანი, ფრიად მაგარსა და შეუალს ადგილს. აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყვან ვეცხლსაცა. ზის წინამძღუარი,“
ვახუშტი ბატონიშვილი

week-end - ქართლში
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა: 2 დღე
განთავსება : საოჯახო სასტუმრო, კარვები.
მანძილი: ერთი მიმართულებით 160 კმ.

სანახაობები :

1. იკვის მონასტერი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ტაძარი მდინარე შაბწყალას (თეძმის შენაკდი) ხეობაში, კასპის მუნიციპალიტეტში. თვით სოფელი იკვი აღარ არსებობს, მოსახლეობა გადასახლდა სამგორში. გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. აღმოსავლეთი ნაწილში არის სამკვეთლო და სადიაკვნე. გუმბათის ყელის დასაყრდნობად აფრებია გამოყენებული. ინტერიერში ნათლად იკითხება ჯვრის ფორმა, რადგან სადიაკვნე და სამკვეთლო არ ერწყმის შიგა სივრცეს; ისინი დაბალი, ვიწრო გასასვლელებით უკავშირდება ძირითად მოცულობას. ტაძრის გეგმა ნათლად მჟღავნდება გარე მასებშიც ოთხივე ფასადი შემკულია ორმაგლილვიანი თაღედის სისტემით. ტაძარს აქვს ფართო მოჩუქურთმებული საპირეებითა და ტიმპანებით შემკული ორი შესასვლელი. ინტერიერში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XI საუკუნეს მიეკუთვნება.

2. ქვათახევი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და სენაკები. თავდაპირველად დედათა მონასტერი იყო. ქვათახევის ტაძარი ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან. იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება და მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოს შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობარის კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები: ფილიპე ბარათაშვილი (XVI ს.), იოანე ავალიშვილი (XVI-XVII სს.), იოანე ხელაშვილი (XIX ს. დამდეგი), დოსითეოზ ფიცხელაური, ტარასი ალექსი-მესხიშვილი (ორივე XIX ს.) და სხვა. ჩვენამდე მოღწეულია ქვათახევის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.

3. რკონი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. თეძმის ხეობის ზედა ნაწილში. რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV საუკუნეების მიჯნა და XVII-XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. რკონის კომპლექსში შედის:ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი.

1. ატენის სიონი — ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავიჯვარ-გუმბათოვანი ტაძარის ნიმუში ატენის სიონი VII ს. I ნახევარშია აგებული. იგი მდინარე ატენთან ახლოს, ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზეა აღმართული და მთელი ხეობის სამშვენისს წარმოადგენს. ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით.ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები.

2. უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

4. სამთავისი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. ”კალმასობაში” ნათქვამია:«ვახტანგ გორგასალან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით ოფრო აქეს სამთავისი. და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი ომჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი.» 2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

5. ყინწვისი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. მომხიბლავია ფრესკების კოლორიტის ჰარმონიულობა. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის - ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები - მეტყველი. კომპლექსის ნაგებობათაგან შემორჩა აგრეთვე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (ფრესკებითა და კანკელით), განვითარებულია შუა საუკუნეების მცირე ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა ნაგებობანი.

 

Share