ტერიტორიის ფართობი – 11379 კმ2
ადმ. ცენტრი
– თელავი
მანძილი თბილისიდან
- 98 კმ
კლიმატი
– ჰავა სუბტროპიკული
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა
13  C.
ნალექების რაოდენობა
- 400-800 მმ.
წყლის ძირითადი არტერიები
: მდ. ალაზანი (351 კმ). მსხვილი შენაკადებიდან აღსანიშნავია: ილტო (43 კმ), ხოდაშნისხევი (31 კმ), სტორი (38 კმ).   მდინარე იორი (320 კმ).

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.

კახეთის მხარე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქ განთავსებულია საქართველოში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების 2/3, მათ შორისაა: ძველი შუამთის (V-VII სს.) და ახალი შუამთის (XVI ს.) მონასტრები, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (XI-XII სს.), ბახტრიონის ციხე-გალავანი (XII ს.), ალავერდის ანსამბლი (XI ს.), მატნის ცხრაკარის მონასტერი (V ს.), გრემის მთავარანგელოზის ტაძარი (1565 წ.), ნეკრესის სამონასტრო ანსამბლი (IV-IX სს.), დავით გარეჯის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი (VI ს.), უჯარმის ციხე-ქალაქი (VI ს), ბოდბის გამოქვაბულთა კომპლექსი (XI-XIII სს.), წმ. ნინოს სამონასტრო კომპლექსი, ხირსის მონასტერი, თამარის ციხე (შუა საუკუნეები), სიღნაღის ციხე (შუა საუკუნეები), ხორნაბუჯის ციხე (ადრეული შუა საუკუნეები) და სხვ.

კახეთის მევენახეობის ისტორია ძვ. წ. აღ. VI ათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და ისინი უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო - ვაზის სამშობლოა.
მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა - "ღვინო" ("vin", "wine", "vine" და სხვ.) ქართული წარმოშობისაა. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.
არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნაკეთობანი, უძველესი საწნახელები, მარნები, თიხისა და მეტალისგან დამზადებული ღვინის სასმისები და სხვ. აღმოჩენილია ჩვ.წ.-მდე IX-VII სს. დათარიღებული ღვინის მსმელი კაცის ფიგურა, რომელიც აგრეთვე ნაყოფიერების სიმბოლოცაა. ყურადღებას იქცევს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსაგან დამზადებული ღვინის სასმისები, შემკული ძვირფასი თვლებითა და ვაზის გამოსახულებით..
ვაზის კულტურასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება, ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და იქადაგა ქრისტიანობა. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.
ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები, აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები. ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის დამზადების ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება.
ყვარლის რაიონში მდებარეობს უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. გვირაბის სიგრძე 13,5 კმ-ს შეადგენს. საცავის წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 14-დან 16-გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს.
როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი - "პოლონური თაფლი", 1814 წლით თარიღდება.

 


“ხოლო ქვეყანა ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა... ხოლო კაცნი და ქალნი შვენიერნი, ჰაეროვანნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი....”

ვახუშტი ბაგრატიონი