მხარის ზოგადი დახასიათება

გეოგრაფიული მონაცემები - ქვემო ქართლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში. განლაგებულია ნახევრად უდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და მაღალმთიანი ალპური ზონის საზღვრებში.საშუალო წლიური ტემპერატურა მხარეში შეადგენს:
წლიური – 15,3 C
იანვრის – 4 C
ივლისის – 25,2 C
რეგიონი მდიდარია მდინარეებით. ისინი ძირითადად ქცია-ხრამისა და ალგეთის აუზებს მიეკუთვნებიან. მათი რიცხვი 2422-ს აღწევს, საერთო სიგრძე – 6980 კმ-ია. მათგან აღსანიშნავია მდინარეები – ხრამი, ალგეთი, მაშავერა, დებედა, ყარაბულახი, აგრიჩაი, ბოლნისი.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი ტბები: ჯანდარის, წურბლიანის, არყიანის, ბარეთისა და გრძელი ტბები. თითოეულ მათგანში საშუალოდ წყლის მოცულობა 1 მლნ კუბ.ლიტრს  შეადგენს.

ტერიტორია და საზღვრები - რეგიონის საერთო ფართობი შეადგენს 6901 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს ტერირიტორიის 10%-ს შეადგენს.

ქვემო ქართლს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კახეთი, ჩრდილოეთიდან _ შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, დასავლეთით – სამცხე-ჯავახეთი, ხოლო სამხრეთით სომხეთი და აზერბაიჯანი.

მხარე იყოფა 7 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად, ესენია:

თვითმართველი ერთეული ქალაქი რუსთავი;

გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
მარნეულის მუნიციპალიტეტი;
დმანისის მუნიციპალიტეტი;
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი;
წალკის მუნიციპალიტეტი.

სულ ქვემო ქართლში 1 თვითმართველი ქალაქია, 6 მუნიციპალიტეტი, 2 დაბა და 121 საკრებულო, რომლებიც 363 სოფელს აერთიანებს.

ქვემო ქართლი საქართველოს ძირძველი ბუნებრივი სიმდიდრითა და სილამაზით გამორჩეული მხარეა. აქ წარმოდგენილია სამხრეთ საქართველოს ვულკანური წარმოშობის მთებისა და ზეგნების უმშვენიერესი ლანდშაფტი, ვრცელი ველებისა და წინაალპური მთების შეხამება ნახევრადუდაბნოდან და მშრალი სუბტროპიკული ზონიდან ალპურ ზონამდე თბილი კლიმატით, რბილი ჰავით, განუმეორებელი სიმწვანით, ტყეებით, ანკარა მდინარეებითა და ტბებით, უხვი ნადირითა და თევზით, მრავალი საკურორტო ადგილით, მინერალური და თერმული წყლებით.

ქვემო ქართლს დიდი და უძველესი ისტორია გააჩნია. აქ გაიარა კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდმა. აქ შეიქმნა უბრწყინვალესი თრიალეთის ყორღანების დიდი კულტურა, რომელიც უფრო ძველია ვიდრე ლეგენდარული კოლხეთი და მასთან დაკავშირებული მითი არგონავტებზე. მხარეში შეხვდებით V-VI საუკუნეებისა და მის შემდგომ პერიოდში ნაგებ და კარგად შემონახულ ისტორიულ ძეგლებს, აქ დღემდე შემორჩენილია ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში ჩასახული ნაქალაქარი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და განსაკუთრებულ არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება პირველყოფილი ადამიანის ადგილსამყოფელისა და თვით ადამიანის ნაშთების აღმოჩენა დმანისის ნაქალაქარზე. სპეციალისტების მიერ დადგინდა, რომ დმანისელი ჰომინიდი ამ ტერიტორიაზე ბინადრობდა 1,8 მილიონი წლის წინათ და იგი ევროპასა და აზიაში უძველესია.

ქართული ეპიგრაფიკის უძველესი ნიმუში შემოგვინახა ბოლნისის სიონის ტაძარმა და იგი V საუკუნით თარიღდება. სულ ქვემო ქართლში 650-ზე მეტი ისტორიული ძეგლია, რომელთა შორის 300-მდე ტურისტულ მარშრუტებშია ჩართული.

 

 





















 

 

ექსკურსია - ბოლნისი & დმანისი
სახეობა
: კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება:
მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა
: 7 - 8 სთ
მანძილი
: კმ.

1. ქოლაგირის ციხე, იგივე დედოფლის ციხესიმაგრე –ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეთაგან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. შემონახულია ციხის წინასწარ შედგენილი პროექტი. ციხის გეგმა კვადრატულია და 2000 კვ.მ. ფართობი უკავია. ე. წ. „საბრძოლო ბილიკი“ გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე. სამი სართული საბრძოლო - საცხოვრებელია, ხოლო ბანი მხოლოდ თავდაცვითია, სადაც განლაგებულია სათოფეები, სალოდეები და საზარბაზნეები. გალავნის შიგნით მხოლოდ ერთი პატარა ეკლესიაა.

2. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განსაკუთრებულია ისტორიული ქვემო ქართლის, მათ შორის ბოლნისის რაიონის ადგილი ქართული თვითმყოფადობის, განვითარებისა და პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების პროცესში. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გაიხსნა 1951 წ. 11 თებერვალს. მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალა მოიცავს კაცობრიობის განვითარების თითქმის ყველა ეტაპს − ენელოთური ხანიდან გვიანი, შუა საუკუნეების ჩათვლით. აგრეთვე წარმოდგენილია არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მასალა.

3. ბოლნისის სიონი, უძველესი ქართული უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით აშენებულია 478-493, მოპირკეთებულია ლამაზი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით. პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახილებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.

4. წუღრუღაშენის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რენე შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე. ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში. წუღრუღაშენის ტაძარი, ფასადებისა და მორთულობათა გადაწყვეტის მიხედვით, თამარ მეფისა და მის მემკვიდრეთა პერიოდის ძეგლთა ჯგუფს ეკუთვნის, ხოლო მისი შიდა გადაწყვეტა, ზოგადად, იმავე ძეგლთა ტიპს მიეკუთვნება, მაგრამ ამ ტიპის კერძო სახეს წარმოადგენს.

5. დმანისი — დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი — თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება.

6. დმანისის სიონი - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისაა. საშენი მასალისა და მორთულობის ხასიათით უახლოვდება ბოლნისის სიონსა და ქვემო ბოლნისის სამეკლესიიან ბაზილიკას. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა - საკურთხეველში შემორჩენილის წმინდანთა გამოსახულებანი და დმანისის სიონის აღმოსავლეთ მხარეს აღმართულია გეგმით ოთხკუთხა სამრეკლო, რომელიც მრავალჯერ არის გადაკეთებული. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით წმ. მარინეს მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესიაა, რომელიც წარწერის თანახმად, განახლებულია 1702 წელს.

 

 

Share